image
28-02-2023

15%-იანი ზრდა გამოწვეულია ბაზრებზე მოთხოვნის ზრდით და ქართული ღვინის სხვადასხვა გეოგრაფიაზე წარმოდგენის შედეგად - გიორგი ეზუგბაია

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქართული ღვინისთვის საინტერესო ბაზრები კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ? აღნიშნულ საკითხზე გადაცემა „ბიზნეს სტანდარტში“ „აქტო ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ეზუგბაიამ ისაუბრა და განმარტა, რომ ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა სტაბილურია. ეზუგბაია მიიჩნევს, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია, თუმცა მაინც მთავარი საკითხია სწორად მოხდეს ამ ბაზრების განაწილებაც. 

 

„როდესაც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ 120 მლნ-ზე მეტი ბოთლის ექსპორტზე 65%-ზე მეტი მოდის რუსეთის ბაზარზე. რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება დივერსიფიცირების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ სწორად მოხდეს მისი განაწილება, მაგრამ 2014-2015 წლების სტატისტიკას თუ შევადარებთ ღვინის ექსპორტი 4-ჯერაა გაზრდილი. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიცირებული ბაზრები, გეოგრაფია 60 ქვეყანაზე მეტი, მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ გეოგრაფიაზე სტაბილურად მოხდეს ექსპორტის განვითარება. საუბარია როდესაც ბრენდი, კომპანია და იქ რეალიზაცია დაგეგმილად ვითარდება და არა ქაოტური მასშტაბებით ან ერთჯერადი ინექციებით, როგორიცაა გადაიტვირთა რომელიღაცა ერთ ქვეყანაში კონკრეტული რაოდენობის ღვინო, ათვისებულ იქნა იმ ქვეყნის ბაზარი და მეორე წელს ხდება იგივე ნიშნულზე ზრდა, მესამე წელსაც იგივე ნიშნულზე და ასე შემდეგ. ამ ქვეყნებზე ბევრად მეტი აქცენტის გამახვილებაა საჭირო, ვიდრე მაგალითად პოსტ სსრკ-ს ქვეყნებში, სადაც იცნობენ ქართულ ღვინოს, იცნობენ ქართული ყურძნის ჯიშებს. ქართულ კომპანიებს უფრო უადვილდებათ ამ ქვეყნებში კომუნიცირება და აქ საჭირო მარკეტინგული აქტივობები ბევრად უფრო მარტივი დასაგეგმია“, - აცხადებს გიორგი ეზუგბაია. 

 

რაც შეეხება იგივე ამერიკას, კანადას, დიდ ბრიტანეთს, ეზუგბაია განმარტავს, რომ აქ ჯერ უნდა გავაცნოთ ქართული ღვინო და ის ბრენდები, რომელიც საქართველოს გააჩნია.

 

„ბოლო 10 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ ამერიკის ბაზარი 30 ქვეყნის ჩამონათვალში ვერ ხვდებოდა, დღეს კი ამერიკის ბაზარი ჩვენთვის ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით მერვე ადგილზეა. ანუ ეს უკვე შედეგია, რომელსაც სჭირდება სტაბილური მუშაობა იქ ადგილზე კონკრეტული ბრენდების და სახეობების განვითარების კუთხით“, აცხადებს   „აქტო ჯგუფის“ ხელმძღვანელი.

 

ეზუგბაია ამბობს, რომ სამიზნე ბაზრებზე მწარმოებელმა და იმპორტიორმა უნდა იმუშაოს ბრენდის განვითარებაზე. ეზუგბაიას თქმით, დღეს ორიენტაცია არის იმაზე, რომ მოხვდეს ხარისხის გაუმჯობესება კონკურენტუნარიან ბაზრებთან მიმართებაში.

 

„მაგრამ ჩვენ გაქვს ჩვენი ნიშური პროდუქტი. ჩვენ გაქვს 8000 წლოვანი ისტორია და ეს უნდა გამოვიყენოთ“, - აცხადებს ეზუგბაია.

 

აქტო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოს 250-300 მლნ ბოთლამდე ღვინის ექსპორტის პოტენციალი აქვს, თუმცა ეს შესაძლებელია ეტაპობრივად.

 

რაც შეეხება ამ მიმართულებით სახელმწიფოს როლს, გიორგი ეზუგბაიას თქმით, ცდილობს, რომ მეტი მეწარმე მოხვდეს ამა თუ იმ გამოფენაზე და მათი პროდუქციის შესახებ მეტმა გაიგოს. 

„დღეს ეს ჩვენ ეს მხარდაჭერა გაქვს, მაგრამ ეს მხარდაჭერა საკმარისია თუ არა ეს მეორე მხარეა. მეტი რესურსის მობილიზებით შედეგები უფრო ხელშესახები იქნებოდა. ის შედეგი რაც გაქვს 15%-იანი ზრდა გამოწვეულია ბაზრებზე მოთხოვნის ზრდით და ქართული ღვინის სხვადასხვა გეოგრაფიაზე წარმოდგენის შედეგად, სადაც რა თქმა უნდა სახელმწიფოს როლი არის“, - აცხადებს ეზუგბაია.