image
01-03-2023

48 საათიანი სამუშაო კვირის 40 საათიანად შეცვლა მხოლოდ დამსაქმებლის პრობლემა არაა, ის შეიძლება დასაქმებულის პრობლემაც იყოს - შოთა ბურჯანაძე

ისე არ არის, რომ 48 საათიანი სამუშაო კვირის 40 საათიანად შეცვლა მხოლოდ დამსაქმებლის პრობლემა გახდეს, არამედ ეს შეიძლება დასაქმებული პრობლემაც იყოს, - აცხადებს გადაცემა „ბიზნეს სტანდარტში“ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე. შოთა ბურჯანაძე განმარტავს, რომ 48 საათიანი სამუშაო კვირის შეცვლა 40 საათიანად ეს არ არის კატასტროფა.

„ერთ მხარეს დგას ადამიანის უფლებების დაცვა, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გაქვს, თუ ადამიანი დასაქმებულია მისი უფლებები და შესაძლებლობები სწორად იყოს დაფასებული და შეფასებული. დანარჩენი არის სხვა უმნიშვნელო, როცა ეს საკითხები იხილება. მაგრამ არსებობს პრობლემები და ამის გადაჭრა სახელმწიფოსა და ბიზნესის ერთობლივი მუშაობით უნდა მოხდეს, რომელიც მტკივნეული არ იქნება.
არის გამოწვევები, პირველ რიგში კადრების დეფიციტის კუთხით და მეორეს მხრივ მატერიალური ვალდებულებების ზრდა. ეს შესაძლოა ორ მხარეს შორის შეთანხმებით გადაიჭრას. არ არის საქმე მხოლოდ ისე, რომ 48 საათიანი სამუშაო კვირის 40 საათიანად შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ დამსაქმებლის პრობლემა გახდეს. ეს შეიძლება დასაქმებული პრობლემაც გახდეს, იქიდან გამომდინარე, რომ თუ შენ 48 საათში იღებ პირობითად 1000 ლარს იმ შემთხვევაში თუ 40 საათს მუშაობ კვირაში, მაშინ 800 ლარი გამოგდის პროპორციულად თუ დავთვლით. თუმცა ორ მხარეს შორის შეთანხმებით არსებობს საშუალება, რომ დარჩეს ის 1000 ლარი“, - აცხადებს ბურჯანაძე.

 რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ამის გაკეთება მარტივადაა შესაძლებელი იქ სადაც დასაქმებულია მაგალითად 15 ადამიანი, მაგრამ მრავალრიცხოვან კოლექტივში რთულია, რადგანაც სამუშაოს გადანაწილება მარტივად ვერ მოხდება.

„შესაბამისად დამატებითი ანაზღაურება უნდა მოხდეს დამატებით საათებზე და ესეც არ არის განსაზღვრული, ესეც ურთიერთ შეთანხმებით ხდება და მეორეს მხრივ კადრების მოძიება თუ დაჭირდა, რომელიმე ბიზნეს ოპერატორს ეს დიდი პრობლემაა და მარტივად გადალახვადი არ არის“, აცხადებს ბურჯანაძე.

 რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე პროფსასწავლებლებში სწავლის მსურველთა ზრდის ტენდენციაზეც აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ კარგია, რომ 26%-ით არის გაზრდილი ბენეფიციართა რაოდენობა პროფსასწავლებლებში.

„აქამდე ჩვენ გვყავდა დაახლოებით 5000-მდე კურსდამთავრებული, 2022 წელს კი 17 ათასამდე გაიზარდა. ეს ნამდვილად დადებითია“, - ამბობს ბურჯანაძე და ახალ ინიციატივასაც აჟღერებს, რომლის მიხედვითაც პროფსასწავლებლის სტუდენტის, თუ კურსდამთავრებული სავალდებულო სამხედრო გაწვევა აღარ უნდა მოხდეს. 

„ის ადამიანები, რომლებიც პროფსასწავლებლებში ჩაირიცხებიან და შესაბამისად მათ ექნებათ კურსდამთავრებულის სტატუსი, მათ უნდა მიიღონ ის ბენეფისი რაც ჯარში წასვლასთან დაკავშირებით იქნება, სწორედ ამ დღეებში იხილება ეს კანონი. ეს დაეხმარება კურსდამთავრებულებს და პროფსასწავლებლებში სწავლის მსურველებს დამატებითი მოტივაცია გაუჩნდეთ, რომ პროფსასწავლებლებში ჩააბარონ და იქ მიიღონ განათლება, თუ ჯარისგან განთავისუფლდებიან“, - აცხადებს ბურჯანაძე.