image
13-03-2023

2018 წლიდან იზრდება რეინვესტირების წილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ფულის შემოსვლა ქვეყანაში არ არის ძალიან მაღალი - მურად მიქელაძე

საქართველოში საინვესტიციო სურათი 2017 წლის შემდეგ იცვლება, 2018 წლიდან იზრდება რეინვესტირების წილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ფულის შემოსვლა ქვეყანაში არ არის ძალიან მაღალი, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნეს სტანდარტში“ ეკონომისტმა მურად მიქელაძემ საქართველოში უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა. 
მისი თქმით, 2017 წლამდე რეინვესტირების წილი მთლიან უცხოურ ინვესტიციებში 20-21%-ი იყო, 2018 წლიდან კი რეინვესტირების წილი გასამმაგდა.
„გასულ წელთან შედარებით მართლაც მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ფაქტობრივად 2 მლრდ-ს მიაღწია და 2017 წლის შემდგომ არ გვქონია ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირდაპირი უცხოურ ინვესტიციების კუთხით. ინვესტიციების ზრდა განპირობებულია სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მიმართულება არის ის, რომ გაქვს გეოპოლიტიკური ვითარება, სიტუაცია რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის სახით. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთიდან კაპიტალი გადის, ან არ შედის კაპიტალ, და აქედან გამომდინარე რეგიონში საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, სადაც შეიძლება ინვესტიციის განხორციელება. თუმცა ამ შემთხვევაში აღსანიშნავია ორი კომპონენტი, ერთი ახალი ფულის შემოსვლა და მეორე, არსებულის რეინვესტირება. ამ შემთხვევაში რეინვესტირების წილი უფროა გაზრდილი, ვიდრე ახალი ინვესტიციის შემოსვლა ქვეყანაში. 
საქართველოს შემთხვევაში ინვესტიციის ზრდა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით არის 61%-ი, თუმცა რეინვესტირების წილი ამ შემთხვევაში არის 65%-ი. შესაბამისად დიდწილად ახალი ინვესტიციები არ შექმნილა“, - აცხადებს მურად მიქელაძე.
ეკონომისტი აცხადებს, რომ 2017 წლიდან იუსტიციის სამინისტროს დანახარჯები უცხოურ არბიტრაჟებში მზარდია. თუ 2017 წელს ამ მიმართულებით იუსტიციის სამინისტროს დანახარჯი 8 მლნ ლარი იყო, 2018 წელს ის აღწევს 17 მლნ ლარს. შემდეგ წელს უკვე 26 მლნ ლარს, 40 მლნ ლარს და 2021 წელს იყო რეკორდული 78 მლნ ლარი. 
„საქართველოს აქვს სხვადასხვა სახის, მნიშვნელოვანი, წონიან ინვესტორებთან საარბიტრაჟო დავები, რაც ბუნებრივია გავლენას ახდენს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე და ამ შემთხვევაში შემოდის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკავშირდება ჰესებს. სამწუხაროდ ვერ ხდება მოსახლეობისთვის იმის ახნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა, ამის ფონზე არსებობს მარავალი პროტესტი, და გაჩერებულია დღეს ნენსკრა ჰესი, ხუდონ ჰესი, ნამახვან ჰესი. „ენკა“ საარბიტრაჟო დავას აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. ჯამში ამ ყველაფერმა გააჩერა 2-დან 3 მლრდ დოლარამდე შემოსვლა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის“, აცხადებს ეკონომისტი.