image
23-03-2023

არ გვიყიდია კონკრეტული კომპანიის აქციები, რათა რისკებიდან ვყოფილიყავით დაზღვეულები - გოგა მელიქიძე უცხოურ ვალუტაში განთავსებულ აქტივებზე

რა გავლენა შესაძლოა იქონიოს ამერიკაში რამდენიმე ბანკის და მათ შორის „სილიკონ ველი ბანკის“ გაკოტრებამ საპენსიო სააგენტოს პორტფელზე და რამდენად დივერსიფიცირებულია ის? როგორც გადაცემა „ბიზნეს სტანდარტში“ სტუმრობისას საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ განაცხადა, საპენსიო სააგენტოს ინვესტირება, რომელიმე კონკრეტულ კომპანიაში არ მოუხდენია.

„ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით კონკრეტულ კომპანიებზე დამოკიდებული, როდესაც ჩვენ დავიწყეთ გლობალური დივერსიფიკაცია და აქციების შეძენა, არ გვიყიდია კონკრეტული კომპანიის აქციები, რათა რისკებიდან ვყოფილიყავით დაზღვეულები. ჩვენ შევარჩიეთ ფონდი და ამ ფონში განვახორციელეთ ინვესტირება და ეს ფონდი შიგნით თვითონ აკეთებს მერე რებალანსირებას. მასში შედის 1524 აქცია, დაახლოებით 12 სექტორი, 24 რეგიონი, ანუ ფონდის აქციები შევიძინეთ, რომელიც შემდგომ თავად მართავს კომპანიებს. ანუ  თუ რომელიმე კომპანია ჩავარდა, ამოცვლის და ახალ კომპანიას დაამატებს. ჩვენი ამოცანაა ინდექსი რას შვება, ანუ კომპანიის დონეზე არ დავდივართ.

ბანკების გაკოტრებები ზოგადად ბაზრებს ამცირებს, შესაბამისად ეს ინდექსები დაბლა მოდის ან ზემოთ მიდის. „სილიკონ ველის ბანკის“ და სხვა ბანკების გაკოტრება, რომელსაც შესაძლოა სხვა ბანკების გაკოტრებაც დაემატოს, ვნახოთ როგორ წავა სიტუაცია - ბაზარს ამცირებს, საბანკო სექტორის აქციებს დაბლა წევს, საპროცენტო განაკვეთების მაღლა წასვლა აწვება ბაზარს, რა თქმა უნდა ეს ჩვენზე აისახება. მაგრამ კონკრეტულ კომპანიები ნაკლებად, აი რომელიმე კომპანიაში ფული გვქონდა ჩადებული და ახლა რას ვშვებით, ნაკლებად“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.