image
04-03-2023

ჩვენ გვჭირდება ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის ისეთივე კანონი, როგორიც მოქმედებს თურქეთში და რომელიც ყველაფერს ერთ ჩარჩოში მოაქცევს - ირაკლი მარგველაშვილი

საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი სულ არის 300 მლნ დოლარის, თუ შევხედავთ სხვა ქვეყნებს  ეს ძალიან მცირე ბაზარია, ამიტომ აქ ბევრი მოთამაშე არც იქნება ლოგიკური, - აცხადებს  "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის" დირექტორი  ირაკლი მარგველაშვილი. როგორც „ბიზნეს სტანდარტთან“ მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველოში ასეთი სტრუქტურაა, რომ საბითუმო ბაზების მფლობელები არიან ასევე ძირითადი მოთამაშეების საცალო სექტორში.

„სწორედ ეს იგულისხმა მინისტრმა როდესაც თქვა, რომ ხომ არ არის აქ ინტერესთა კონფლიქტი. სამი კომპანიაა, რომელიც ბაზრის 75-80%-ს იკავებს, მაშინ კითხვა ჩნდება რამდენი უნდა იყოს? აქ საუბარია იმაზე ხომ არ ქმნიან ისინი დომინანტურ მდგომარეობას, რომელიც არ აძლევს საშუალებას სხვებს ფასი დაწიონ. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ფარმაცევტული ბაზარი ღია კონკურენციის ბაზარია, იმიტომ რომ ასობით კომპანიაა იმპორტიორი სხვადასხვა კალიბრის“, - აცხადებს მარგველაშვილი.

"ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის" დირექტორის განმარტავს, რომ ის ბაზარზე ნაკლებად ხედავს ურთიერთ შეთანხმებულ ქმედებას, ვინაიდან დარღვევად შეიძლება  ჩაითვალოს, თუ რამდენიმე კომპანიამ მოილაპარაკა და ასე აწია ფასები - ეს არის კონკურენციის კანონის დარღვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში რახან არ არის ფასნამატი არ ირღვევა კანონი.

რაც შეეხება რეფერენტულ ფასებს, მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს დიდი რეფორმის პირველი ნაწილია, რომელსაც ექნება გაგრძელება.

„ახლა რა მოცულობაც არის ეს არის საპილოტე ნაწილი. რა თქმა უნდა უმეტეს ქვეყნებში არ რეგულირდება. მედიკამენტები იყოფა რეცეპტულ და არარეცეპტულ მედიკამენტებად, უმეტეს ქვეყნებში არარეცეპტული არ რეგულირდება და იქ სადაც რეცეპტული რეგულირდება, ეს ყველაფერი მიბმულია იმაზე, თუ რა თანხას დებს სახელმწიფო მოსახლეობისთვის მედიკამენტების შესყიდვაში. ანუ მიბმულია სახელმწიფო დაზღვევაზე, ანუ ჯანდაცვა რა თანხას ხარჯავს. შესაბამისად იმ ქვეყნებში, რომელსაც რეფერენტულად ვედრებით, ესენია ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ლატვია, ამ ქვეყნებში ძალიან დიდ ფულს ხარჯავს სახელმწიფო წამლების შესყიდვაში, ჩვენთან ეს თანხა საკმაოდ დაბალია. ანუ პირველი ასპექტი რაც მნიშვნელოვანია, ამ პროგრამის იმპლემენტაციის დროს აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს სახელმწიფო დანახარჯები. ჩვენი სახელმწიფო აცხადებს, რომ დანახარჯებს გაზრდის, ეს ძალიან კარგია, მაგრამ საქმეა რამდენად ადეკვატურად იქნება გაზრდილი.

ის ნაწილი რაზეც რეფერენტული ფასები უკვე ამოქმედდა, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნეს წარმოჩენილი პრობლემები მოგვარებული და დახვეწილი მეთოდოლოგია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, ბევრი პროცესი ჯერ დაუსრულებელია, რთული და ინტენსიური სამუშაოა ჩასატარებელი, რომ თუნდაც ამ პირველი ნაწილისთვის სრულყოფილად იმუშაოს რეფერენტულმა ფასებმა“, - აცხადებს მარგველაშვილი.

 "ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის" დირექტორი ამბობს, რომ საქართველოშიც იგივე სისტემის დანერგვა უნდა მოხდეს, როგორიც დღეს არის თურქეთში.

„რატომ არის თურქეთში მედიკამენტებზე დაბალი ფასი? ნუთუ მწარმოებელი რომელიც ჩეხეთშია, გერმანიაშია, ავსტრალიაშია, საფრანგეთშია გადაწყვიტა, რომ მაინცადამაინც თურქეთში დაწიოს ფასები. იმიტომ, რომ თურქეთმა ააწყო ისეთი სისტემა, რომლის ძირითადი კომპონენტი არის მთელი მოსახლეობის უზრუნველყოფა სახელმწიფო დოტაციით წამლების შესყიდვა. 80 მლნ-იან მოსახლეობაში 80 მლნ ადამიანი იღეს სახელმწიფოს დაფინანსებით წამალს. აი მთავარი კომპონენტი. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვის სახელმწიფო დაზღვევის სისტემა. შემდეგ ამას მოყვა მოლაპარაკებები მწარმოებლებთან. თურქეთმა კი არ გახსნა, რომელიმე ბაზარი, არამედ მწარმოებლები შეკრიბა და უთხრა, იცი რა მე მაქვს ეს დაფინანსება, მე მინდა რომ თქვენი მედიკამენტები იყოს დაბალ ფასში და თუ გაწყობთ. მე ახლა ამას უტრირებ, მაგრამ ამ საკითხს თურქეთში მართლა ბევრი რამე მიეძღვნა: სპეციალური საბჭო, რომელიც ფასებს გადახედავს, სპეციალური გაცვლითი კურსი მედიკამენტების იმპორტისთვის და სხვა. თურქეთმა ეს სისტემა დიდი ხანია აშენა, გასაგებია რომ ჩვენ მოკლე ვადით შეგვიძლია ვისარგებლოთ ამით და ვსარგებლობთ კიდეც. ბერი ადამიანისთვის ეს იყო ხარჯის შემამცირებელი, მაგრამ ეს ვერ იქნება გრძელვადიანი. ჩვენ აქ უნდა გვქონდეს გარანტირებული სისტემა მოწოდებების და მხოლოდ პირდაპირ მომწოდებელს შეუძლია მოგვცეს გარანტია, რომ მედიკამენტი იქნება, დღეს, ხვალ, ზეგ და გვექნება ასეთი უწყვეტი ჯაჭვი“, განმარტავს ირაკლი მარგველაშვილი.

მისივე თქმით, ჩვენ გვჭირდება ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის ისეთივე კანონი, როგორიც მოქმედებს თურქეთში და რომელიც ყველაფერს ერთ ჩარჩოში მოაქცევს.
„ჩვენ ახლა ფრაგმენტულ კანონებს ვაკეთებ და არ გაქვს ახალი კანონი. არსებული კანონი საჭიროებს ცვლილებებს“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.