image
02-04-2023

დაახლოებით 50 მლნ ადამიანი კარგავს უკვე სამსახურს 2025 წელს, ანუ ადამიანებს მოუწევთ გადაკვალიფიცირება - ვლადიმერ ბოცვაძე

ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე დაიწყო ადამიანების ჩანაცვლება, ადამიანები კარგავენ სამუშაოს, - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნეს სტანდარტში“ აშშ-ს ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრმა ვლადიმერ ბოცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2025 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის გამო მსოფლიოში 50 მლნ ადამიანი სამუშაოს დაკარგავს.

„მე ვფიქრობ, რომ მსოფლიო მშპ ხელოვნური ინტელექტის გამო 2030 წელს 5,7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. დაახლოებით 50 მლნ ადამიანი კარგავს უკვე სამსახურს 2025 წელს, ანუ ადამიანებს მოუწევთ გადაკვალიფიცირება. მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტებზე მოთხოვნა გაზრდილია, მონაცემთა მეცნიერების სპეციალისტებზე და ასე შემდეგ. უკვე თქვენ ხედავთ, რომ ბარის პერსონალის, მიმტანების ჩანაცვლება რობოტებმა უკვე დაიწყეს. ვნახავთ, რომ სასტუმროებში იმუშავებს რობოტები და სხვადასხვა ადგილებში“, - განაცხადა ვლადიმერ ბოცვაძემ.

მისი თქმით, მსოფლიო მუშახელის 90%-ი არ არის მზად ხელოვნური ინტელექტისთვის.

„მათ აუცილებლად მოუწევთ გადაკვალიფიცირება. ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს. უკვე ვხედავ გლობალურ დონეზე, რომ ხელოვნურ ინტელექტს უკვე შეუძლია ვებგვერდის შექმნა, რეალურ ბლოკ-პოსტების შექმნა, ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოიყენება მარკეტინგში, პერსონალიზაციაში, ჩეტბოტების უკან უკვე ხელოვნური ინტელექტია. დღეს უკვე მარკეტინგი და ბიზნესი ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია“, - აღნიშნა აშშ-ს ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტის მრჩეველთა საბჭოს წევრმა.