image
04-02-2023

ეს არის სატრანსპორტო დერეფნის ტრანსფორმირება ეკონომიკურ დერეფნად - ლადო პაპავა შუა დერეფანზე

„სასტარტო პირობები არის ძალიან კარგი, შუა დერეფნის განვითარებისთვის“, - აცხადებს აკადემიკოსი ლადო პაპავა, რომელმაც შუა დერეფნის მომავალი და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა „ბიზნეს სტანდარტთან“ შეაფასა. პაპავას განმარტებით, შუა დერეფნის განვითარება არის არამარტო სატრანსპორტო არტერია ქვეყნისთვის, არამედ ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი წყარო. პაპავას თქმით, ეს არის სატრანსპორტო დერეფნის ტრანსფორმირება ეკონომიკურ დერეფნად.

„ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც გაჟღერდა 2022 წლის ბოლოს, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წინ წამოწია სახელმწიფოს როლი. აქ საკითხი დაისვა სხვანაირად, აი ამ ტურბულენტურ გარემოში, რომელიც დღეს მსოფლიოშია, ამ კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში, როცა დაპირისპირებული მხარეები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულები ამ დაპირისპირებაში, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს რომელიმე მხარის პრევალირება, რადგან ეს დაბლოკავს მეორე მხარის ინტერესებს. ვიცით რა დაძაბულობაა ჩინეთსა და აშშ-ს შორის, მიმდინარეობს სავაჭრო და სავალუტო ომი - ცივი ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა. ამ ვითარებაში საქართველოსთვის აშშ არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტორი, როგორც სტრატეგიული პარტნიორი. მეორე მხრივ, ჩინეთის მიმართ ჩვენი ინტერესი არის ის, რომ ის ტვირთები, რომელიც დასავლეთს სჭირდება აქვს ჩინეთს და ჩინეთმა ეს ტვირთები უნდა გადმოამისამართოს საქართველოს გავლით. მაშინ ჩვენი სატრანსპორტო პროექტები ბევრად უფრო ეფექტიანი და ბევრად უფრო მომგებიანი გახდება. იმისთვის, რომ ჩინეთმა ეს ტვირთები გადმოამისამართოს მას უნდა ჰქონდეს გარკვეული ბიზნეს ინტერესი, მაგრამ საქართველო იმის გამო, რომ არის დაპირისპირება ამერიკასა და ჩინეთს შორის ვერ შეუწყობს ხელს ჩინური ინვესტიციით რაღაც მსხვილი პროექტის განხორციელებას ამ სატრანსპორტო დერეფანში. მაგრამ თუ მთავარი დარჩება ქართული სახელმწიფო, იგივე ანაკლიის პორტზეც ითქვა, რომ სახელმწიფოს წილი იქნება 51%-ი, ხოლო სხვა იქნება ინვესტორები. უკვე გაჟღერდა, რომ იაპონურმა, ჩინურმა კომპანიებმა გამოთქვეს დაინტერესება, ანუ აღმოსავლეთ ქვეყნების ინვესტიციები იქნება, რაც მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით რომ მათ მოისურვონ ტვირთების გადმომისამართება საქართველოზე გავლით. სახელმწიფო მთავარ აქტორად რჩება ენერგეტიკულ პროექტებშიც იქნება ეს მსხვილი ჰესები თუ საშუალო ჰესები. ეს იძლევა ქვეყნისთვისაც უსაფრთხოებას და საფრთხეებით მოცულ სახელმწიფოში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. მეორე მხრივ, ჩინელი ინვესტორის გარკვეული წილით მონაწილეობა იძლევა გარკვეული დაბალანსების შესაძლებლობას. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ ამერიკული ურთიერთობებისთვის“, - აცხადებს „ბიზნეს სტანდარტთან“ აკადემიკოსი ლადო პაპავა. 

მისი განმარტებით, საქართველო დღეს საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია - გეოგრაფიულად ძალიან მიმზიდველია, გეოპოლიტიკურად ძალიან რთულია.

„მას აქვს თავისი პლუსები და თავისი მინუსები, ამიტომ საქართველოს არ შეუძლია, რომელიმე მხარე ერთმნიშვნელოვნად დაიკავოს. აუცილებელია დერეფანი, რომ წარმატებული იყოს ბალანსი. 

სახელმწიფოს პრევალირება არის გარანტია იმის, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესები იქნეს მაქსიმალურად დაცული. ამის ქვეშ უკვე ყველა პროექტი ხდება საინტერესო, მათ შორის ფოთის პორტის გაფართოების პროექტი. გახსოვთ ანაკლიის პორტის პროექტი, რომ ჩავარდა რამხელა ჟრიამული იყო. ფოთის პორტთან დაკავშირებით რატომ უნდა გაფართოვდესო, ეს ანაკლიას შეუშლის ხელსო, გეგონება ფოთის პორტი სხვა ქვეყანაში იყო და მტრების ხელში იყო და საქართველო არ იყო. პოლიტიკური ელფერი მიეცა ამას. ჩვენ გვჭირდება ისეთი ტვირთნაკადები და ისეთი აქტიურობა, როცა ფოთიც დაიტვირთება და ანაკლიაც შეასრულებს თავის საქმეს“, - განაცხადა პაპავამ. 

აკადემიკოსმა გადაცემაში სტუმრობისას ყურადღება გაამახვილა სხვა პროექტების განვითარებაზეც, რომელშიც საქართველო აქტიურადაა ჩართული. მისი თქმით, საუბარია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გაფართოებაზე, რეალურია ბათუმის პორტის დატვირთვის ზრდა და უკვე ანაკლიის პროექტიც რეალური ხდება.

„ძალიან ბევრი ტვირთებია. რატომ უნდა შეეცვალა ჩინეთს რუსეთზე გამავალი არტერია საქართველოზე გამავალი არტერიით? იმიტომ, რომ ომის გამო დაიბლოკა. ღმერთმა ქნას ომი მალე დასრულდეს და დამთავრდეს უკრაინის გამარჯვებით, მაგრამ როდის დამთავრდება ხომ არავინ იცის?

თუმცა დამთავრება არ არის იმის გარანტია, რომ სანქციები მყისიერად მოიხსნება. და მერე უკვე გადმომისამართებული ტვირთების უკან დაბრუნება,  ასე ადვილი არ იქნება. ამიტომ ახლა არის იდეალური შესაძლებლობა ამ პოტენციალის გამოყენების და რომ ჩინური ტვირთები შესაძლოა არამხოლოდ ზღვით და ოკეანით წავიდეს დასავლეთისკენ, არამედ წამოვიდეს სახმელეთო არტერიით, რომელიც გადის სახმელეთო გზით საქართველოსა და აზერბაიჯანზე - სულ უფრო და უფრო რეალური ხდება. ეს რეალური ხდება სწორედ იმიტომ, რომ რუსული სატრანსპორტო არტერია არის დახურული. ამ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს მონაწილეობა არის გარანტი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა ლადო პაპავამა. 

აკადემიკოსის თქმით, დღეისათვის საქართველოსთვის ისე როგორც მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი პრობლემა ინფლაციაა.

„ჩვენ ერთადერთი პრობლემა, ისევე როგორც მთელს მსოფლიოს აქვს მაღალი ინფლაცია. ეს მაღალი ინფლაცია არ არის ქართული პრობლემა, გლობალურია. მიწოდების გლობალური ჯაჭვების რღვევა მოხდა ჯერ კიდევ პანდემიის დროს, დანარჩენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, ექსპორტის სტიმულირება, სახელმწიფო ვალის კლება მთლიან სამამულო პროდუქტთან მიმართებაში, ასევე უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, ამ ყველაფრით საქართველოს აქვს პოზიტიური ცვლილება

გრანდიოზულ მშენებლობებს სჭირდება იგივე ეკონომიკის სხვადასხვა დარგების ამოქმედება. ამიტომ მთავარია, რომ ეკონომიკური პოლიტიკისთვის აქცენტი გაკეთდეს ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, ხოლო მომავალი მაინც არის ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკაა“, - აცხადებს აკადემიკოსი. 

„ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი ეკონომიკური ფუნქცია, რითაც ეს ქვეყანა არის საჭირო საერთაშორისო დონეზე, რითაც ეს ქვეყანა საჭიროა სხვა ქვეყნებისთვის. თავიდან როდესაც საქართველომ აღიდგინა დამოუკიდებლობა და გახდა დამოუკიდებელი, 90-იანი წლების დასაწყისში, დადგა საკითხი რა საერთაშორისო ეკონომიკური ფუნქცია შეიძლება ქონდეს, რომლითაც ის საინტერესო გახდება სხვა ქვეყნებისთვის. ზომის გამო საქართველო მიმზიდველი ვერ იქნება. აქ ვგულისხმობ მასშტაბის ეკონომიას, ზომით ჩვენი ბაზარი ძალიან მცირეა, თვითონ ქვეყანაა მცირე. მეორეს მხრივ არც ენერგეტიკული რესურსები გააჩნია საქართველოს ისეთი, ნავთობის და გაზის ის ოდენობა, რომ სერიოზულად იქნეს განხილული. მაშინ 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, რომ საქართველოზე უნდა გადიოდეს ის სატრანსპორტო არტერია, რომელიც ევროპას და აზიას დააკავშირებს ერთმანეთთან. აი მაშინ გაჩნდა სწორედ განახლებული დიდი აბრეშუმის გზის იდეა, რომელიც შევარდნაძის ეპოქასთანაა დაკავშირებული.  და დაიწყო ამ მასშტაბური საერთაშორისო პროექტის ხორცშესხმა. ანუ ქვეყანას გამოუჩნდა ფუნქცია, რომ ის არის სატრანსპორტო დერეფანი, რითაც ის შეძლება გახდეს მიმზიდველი ნებისმიერი ინვესტორისთვის. და სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა ის, რაც განხორციელდა. კერძოდ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. ანუ საქართველო გამოჩნდა როგორც ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების საშუალება. ასევე იყო  ბაქო-თბილისი-სუფსა. მოგვიანებით დაემატა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა და ასე თუ ისე საქართველო სატრანსპორტო დერეფნების რუკაზე გამოჩნდა და გახდა მიმზიდველი, მაგრამ არ იყო ძირითადი ისეთი დატვირთვა ამ მიმართულებით. რატომ? იმიტომ, რომ ის ტვირთების, რომელიც მოიაზრება ცენტრალურ აზიაში და მოიაზრება ჩინეთში ისინი დასავლეთის მიმართულებით, ხოლო დასავლეთს აქვს ძალიან დიდი მოთხოვნა ამ ტვირთებზე, გადიოდა ძირითადად რუსეთის საშუალებით. ანუ მოქმედებდა რუსეთის სატრანსპორტო არტერია, რომელიც ცენტრალური აზიის ტვირთებს იზიდავდა, ისევე როგორც ჩინურ ტვირთებს, რომლებიც მიდიოდნენ ევროპის მიმართულებით. 

გასული წლის 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა, რომელსაც აწარმოებს რუსეთი უკრაინაში შეცვალა ყველაფერი, დაიბლოკა ეს სატრანსპორტო არტერია, დღეს ამ არტერიის გამოყენება ომის გამო ასევე ეკონომიკური სანქციების გამო, რომელიც დაედო რუსეთს დასავლეთის მიერ, ამ არტერიის გამოყენება შეუძლებელია და დღის წესრიგში დადგა, სად არის მისი ალტერნატივა. ალტერნატივა არსებობს, უბრალოდ ახლა მას ახალი სახელი დაერქვა - შუა დერეფანი. ეს არის არა უბრალოდ სატრანსპორტო დერეფნის გაფართოება, განვითარება მე აქ ცოტა სხვანაირად შევხედავ: ეს არის სატრანსპორტო დერეფნის ტრანსფორმირება ეკონომიკურ დერეფნად. რომელიც ბევრად უფრო საინტერესოა ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარებისთვის. აქამდე საქართველო ატარებდა ენერგეტიკულ რესურსებს მილსადენებით, ეს გაგრძელდება, მაგრამ გაჩნდა ახალი პროექტი - შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანა, რომელიც საქართველოს დააკავშირებს რუმინეთს და 4 ქვეყნის ლიდერმა: აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მოაწერეს ხელი ეს ყველაფერი განხორციელდა ბრიუსელის პატრონაჟის ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ელექტროგადამცემი კაბელი იქნება რეალიზებული. რაც ნიშნავს მეორეს მხრივ ელექტროგადამცემი კაბელი? უკვე საქართველო ხდება ელექტროენერგიის გენერატორი, მწარმოებელი. საუბარია ჰიდრო რესურსების გამოყენებაზე, საუბარია არატრადიციული ენერგიების გამოყენებაზე, რომელიც ქვეყანაში არის. ამ დროს გამოდის,რომ საქართველო არამარტო გამტარია ენერგეტიკული რესურსების, არამედ თავად ხდება აქტიური მწარმოებელი. ანუ სატრანსპორტო დერეფნის ტრანსფორმირება ხდება ეკონომიკურ დერეფნად, რაც მოიცავს უკვე სატრანსპორტო დერეფანსაც და უფრო მეტია, იმიტომ წარმოებაც დაიწყება“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.