image
07-03-2023

ხშირად ფერმერებს არ შეუძლიათ და არ აქვთ ხელმისაწვდომობა სარწყავ წყალზე და ეს პირდაპირ აისახება, როგორც მოსავლიანობაზე, ასევე ხარისხზე - აგროექსპერტი

კარტოფილზე ადგილობრივი წარმოება შემცირებულია, რის გამოც, 2022 წელს რუსეთიდან კარტოფილის იმპორტი გაიზარდა. 

 

როგორც აგროექსპერტი, ილია მჭედლიძე "ბიზნეს სტანდარტთან" აცხადებს, კარტოფილის წარმოების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი უამინდობა იყო-ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. მისი თქმით, შესაძლოა, სათესლე მასალებიც  გაძვირდეს, რადგან მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა საფრანგეთში, ჰოლანდიასა და გერმანიაშიც. 

 

"2 წელი იყო საკმაოდ ანომალიური წელი, როგორც ჩვენი, ასავე ჩვენი მეზობელი ქვეყნებისთვისაც. 110 დღე ჯავახეთში 1 წვეთი წვიმაც არ მოსულა, რამაც პირდაპირ ასახვა პოვა მოსავლიანობაზე. კატასტროფულად დაბალი მოსავლიანობა გვაქვს, როგორც ჯავახეთში, ასევე ქვემო და შიდა ქართლში, რამაც გავლენა იქონია ფასებსა და ხარისხზეც. გარკვეული პერიოდი ძალიან მცირე მოსავალი ჰქონდა თურქეთსაც და შემცირებული ჰქონდა იმპორტი. რიგი მიზეზების გამო, ბოლო რამდენიმე წელია, რაც დაბალი მოსავალი აქვს რუსეთსაც და ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი უკრაინაც ომშია ჩაბმული და, ამის გამო, შემცირებულია უკრაინიდან იმპორტიც. ბაზარი სიცარიელეს ვერ იტანს, მიუხედავად იმისა, რომ ფასი საკმაოდ მაღალია, რაც ერთგვარად მიმზიდველია კომერციული წარმომადგენლებისთვის.
ძირითადი შემომტანი არის რუსეთი, ბელარუსია, შუა აზია და ბალკანეთის ქვეყნები. მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა საფრანგეთში, ჰოლანდიასა და გერმანიაშიც, რამაც ასევე შეიძლება იქონიოს გავლენა სათესლე მასალის ღირებულებაზე"- განაცხადა ილია მჭედლიძემ.

 

კითხვაზე, თუ რატომაა ამ დოზით ამინდზე დამოკიდებული ისეთი პროდუქტის მოსავლიანობა საქართველოში, როგორიც კარტოფილია, ილია მჭედლიძე გვპასუხობს, რომ სარწყავი წყლის პრობლემა და ტექნიკის ნაკლებობა მთავარი გამოწვევაა, რის გამოც, ფერმერები ვერ ახერხებენ ხარისხიანი და მსხვილი მოსავლის აღებას. 

 

"საქართველოში დაახლოებით 25 ათას ჰექტრამდე კარტოფილი ითესება, ჩვენი წარმოება შეადგენბს 250 ათას 300 ათას ტონამდე. ცალკეულ წლებში საქართველოს აქვს თვითუზრუნველყოფა, მიუხედავად ამისა, მაინც ხდება ხოლმე გარკვეული რაოდენობის კარტოფილის იმპორტი. მაგალითად, 2021-2022 წწ-ში საქართველო ექსპორტიორ ქვეყნად იქცა, კარტოფილის დიდი ნაწილი  გავიდა რუსეთში, აზერბაიჯანში, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად სახელმწიფოს მიერ გატარებული რიგი ღონისძიებებისა, რეგიონებში მაინც მწვავე პრობლემა დგება, რომელიც დაკავშირებულია ირიგაციასთან. ხშირად ფერმერებს არ შეუძლიათ და არ აქვთ ხელმისაწვდომობა სარწყავ წყალზე და ეს პირდაპირ აისახება, როგორც მოსავლიანობაზე, ასევე ხარისხზე. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ცდილობს, მოაგვაროს მცირე ტექნიკის პრობლემა, პრობლემა მაინც პრობლემად რჩება და ხშირად ფერმერები ვერ ასწრებენ აგროვადებში ცალკეული მოსავლის, მათ შორის, კარტოფილის დათესვას. 

 

დიდ პრობლემას წარმოადგენს  მოსავლის აღებაც. მუშახელი არის გაძვირებული და აქაც ტექნიკის გარკვეული დეფიციტი შეინიშნება. არის პრობლემები მოსავლის შენახვასთან დაკავშირებით, არსებული შემნახველი საწყობები ვერ უზრუნველყოფს მცირე ფერმერებისთვის"- განაცხადა ილია მჭედლიძემ 

 

ცნობისთვის, 2022 წელს 4108,30 ათასი აშშ დოლარის კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. მათი დიდი ნაწილი გერმანიაზე, რუსეთსა და ბელარუსზე მოდის. კერძოდ, რუსეთიდან 3794,99 ტონა შემოვიტანეთ, ბელარუსიდან - 2,728.29 ტონა, გერმანიიდან - 1224,88 ტონა. რაც შეეხება თურქეთს, გასულ წელს, თურქეთიდან 1129,35 ტონა კარტოფილის იმპორტი განხორციელდა. 

 

შედარებისთვის, 2021 წელს რუსეთიდან 23.25 ტონა კარტოფილის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც თურქეთიდან 9,992.27 ტონა კარტოფილი შემოვიტანეთ.